RSS

რძისფერი თენთვები

davმთელი ბავშვობა (და სტუდენტობაც) სექტემბერში დავდიოდი ზღვაზე და ეს ხავერდის სეზონები და ყველაზეკაიპერიოდია ზეპირად ვიცი.
მარა გუშინ რაც იყო, ეგეთი, მგონი, არასდროს არ მინახავს.
ვერავითარი ფოტო (ნუ, ჩემი გადაღებული, ყოველ შემთხვევაში) ვერ ასახავს, რა შეგრძნებები და თენთვებიც მოდიოდა თვალებში, კუნთებში, გულში. ამიტომ მე ვეცდები აღვწერო და თქვენ სტოპკადრად, გაყინულ ეპიზოდად წარმოიდგინეთ.
დილაა. რვაზე გადიხარ ზღვაზე და გარუჯულ კანზე ხორკლები გაყრის, რადგან დილაობით უკვე საგრძნობლად გრილა. წყლის ხმა, შორიახლოდან რომ გეგებება ხოლმე, არ ისმის. ისეთი განცდა გაქვს, თითქოს გადაიხედავ და წყალი არ დაგხვდება.
გადაიხედავ.
დგას.
ჰო, ადგილზე რომაა და არ გამქრალა, გასაგებია, მაგრამ სხვანაირად დგას. პირდაპირი მნიშვნელობით. ზედაპირზე რკალებს აკეთებს ზანტი მოძრაობით და არი მიყურსული.
უ კამკამესი
უ ლივლივესი
უ ჩუმესი
უ სუფთესი
მიდიხარ ახლოს. ფეხის თითებზე ნელა გეციმციმება და დიდად არ გაბეზრებს თავს. და არც იგიჟებს, როგორც სხვა დროს, შემიმჩნიე, შემო, ნახე, რა თბილი ვარ, რბილი ვარ და ა.შ. არის ნელგრილი, უფრო – მოცივო, ოდნავ გეხება და მორჩა. თავის პონტშია ტიპი. გასულია.
ეს პოზა, თან ძაან მიმზიდველი როა და თან არც გეხვეწება არაფერს, კიდევ უფრო გითრევს და თუ მზის კარგად ამოსვლამდე არ აპირებდი ბანაობას, ეგრევე იხდი, სათვალეს ირგებ და შედიხარ.
არც ნელ-ნელა შეჩვევები, არც “მოდი, ჯერ ხელით შევისხამ წყალს”, ეგრევე თავს შეყოფ, ფეხებს მოუსვამ და გარკვეული დისტანციის დაფარვის მერე (ლიფსიტებიც რომ გაგიძვრებიან ფეხის თითებს შორის), ჩასასუნთქად სახეამოყოფილი გრძნობ, რო ცივია. მარა უკან რაღა გაგიყვანს.

უფრო ღონივრად უსვამ, ცდილობ სათვალის დაორთქლილი მინებიდან გეზი სწორად აიღო და მიდიხარ. უკვე საკმაოდ ღრმად ხარ, მაგრამ მუქ სიკამკამეში მზის სხივის ჩავარდნისას ქვები მაინც ელავენ შიგადაშიგ. აგრძელებ გზას. რბილი და ადგილ-ადგილ სხივებით გამთბარი წყალი შენს სხეულს მოჰყვება (თუ სხეული მიჰყვება) მოქნილად, სინქრონში, თითქოს შენთან ერთად სუნთქავსო. გარკვეული დისტანციის გავლის მერე სანაპიროს ხმები ზუზუნადღა ჩაგესმის, ზურგზე ტრიალდები, წყალზე განერთხმები, სხეულს გაწვართავ და კლასიკური თენთვები გეწყება.

ყველა კუნთი შენ გემადლობება ამ თენთვებისთვის და შენ კიდევ ღმერთს ემადლობები, ეგეთი ზღვა და ეგეთი ცა რო მოიგონა და შენ რო ამ ფანტასტიკა მიქსში გაგრია.
მას შემდეგ, რაც გიგანტური მედუზა მოგეძურწება ზურგზე მოლივლივეს, ნაგლად მოგეხახუნება ხელზე და მწარედ დაგსუსხავს, იკადრებ და წამოდგები.
საკმაოდ ღრმად ხარ და გადაწყვეტ, უბრალოდ, გაჩერდე წყალზე და ჰორიზონტს გახედო.
და მანდ იწყება.
ჰაერი რძისფერია. უფრო სწორად, შესქელებულ რძეში რო ოდნავ ცისფერი ჩაღვარო, იმფერი. წყლის რაღაცნაირი მსუყე, ოქროსფერჩაფენილი ლივლივი შენს სხეულს ოდნავ არხევს. ჰორიზონტზე მირაჟივით ჩანს ჰაერში მოყანყალე მეთევზეთა ნავები. ადამიანებიანები. იმდენად მირაჟივით, რო რაღაც მომენტში მართლა ფიქრობ, ნაღდად ჩანან თუ არა. მსუყე ლივლივი ისევ გარხევს და გეჩვენება, რო ნელ-ნელა სიღრმისკენ გეზიდება. არც გინდა შეეწინააღმდეგო, რადგან ეს ჰაერში ჩამოწოლილი რძისფერობა, მასში გახვეული ზღვა და შენ, მირაჟებად მოცახცახე ნავები, მოცისფრო არაჟნის საბნის ქვეშ შიგადაშიგ ამობურცული ლუკა პოლარეს ნაყინის ბურთულები – ტალღისმაგვარობები, თენთვით იმპულსებს აღვიძებს შენში და მთელი შენი სხეული ამ ტკბილ მონოტონურობას და მოდუნებულობას ემორჩილება, ტოტალურ თენთვებში ებმება.
რაღაც მომენტში გრძნობ, რო სხვა განზომილებაში გადადიხარ, რეფლექსები გინელდება და შენს თავს ვიღაც რიმაინდერს ურთავს – დაბრუნების დროა.
ჯერ ზურგზე მოცურავ, გამოზომილი, ზუსტი მოძრაობებით, ხელის გულებით გრძნობ, როგორ აპობ წყალს. მერე ნელ-ნელა ფელპსი იღვიძებს შენში, უცბად მუცელზე ტრიალდები და იწყებ. ბიძგი, ხელები, ჩასუნთქვა. ბიძგი, ხელები, ჩასუნთქვა. ყოველი ჩასუნთქვისას წყლიდან თითქმის ნახევრად ამოწეული სხეული გრილ ჰაერთან ერთად რაღაცნაირ სილაღეს გრძნობს და ხარბად ყლაპავს. სიკამკამით მოტანილ სილაღეს და ენერგიას. და ოდნავ ხვდები, რას შეიძლება გრძნობდეს ფელპსი დაფინიშებისას.
ამოდიხარ სველი, კუნთებმოჭიმული, ოდნავ დაღლილი და გულაღმა ეგდები (ამასობაში) გახურებულ კენჭებზე. ისრუტავ ქვების სითბოს და გრძნობ, როგორ გიხარია, რომ ხარ ადამიანი. მთელი ამ დედამიწური ჯადოსნობების ადრესატი და ეპიცენტრი. იზმორები, სხეულს ჭიმავ და მერე უცბად, მოსხლეტით ადუნებ, ოდნავ იღიმი თვალებდახუჭული, მთელ სხეულში სიამოვნების, სითბოს და თენთვის ჟრუალები გივლის და ლურჯად მოლივლივე კოსმოსის ნაწილად თავის გრძნობისგან გამოწვეული სიხარულით გადავსებული აგრძელებ განცხრომინგს.
ფოტოკადრის დასასრული.
ჩიტისგამოფრენა.
ფარდა.

Advertisements
 
2 Comments

Posted by on სექტემბერი 12, 2017 in Uncategorized

 

როგორი სუნი ვარ შენთვის?

მე სუნოფილი ვარ. ანუ სუნებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ანუ ადამიანები, მოვლენები, საგნები, რეპლიკები, სიტუაციები, შთაბეჭდილებები, ადგილები მამახსოვრდება სუნებით (არა მხოლოდ სუნებით, ხმებითაც, მაგრამ ახლა სუნებზე დავწერ).
შესაბამისად, სუნებს ჩემს ყოველდღიურობაში დიდი ადგილი უჭირავს.
საშინელი ასტანი ვარ სუნამოების ან რაიმე არომატულის მაღაზიაში. ათასჯერ ვსუნავ, წავისვამ, მივისხამ, მოშორებით დავდგები და ისე ვსუნავ, ახლოს მივალ, ცხვირით მივერჭობი და ისე ვსუნავ. და აღვწერ საოცრად. რომ ეს სუნი თავში ამირბის, ეს კანზე მწიწკნის, ეს მუცელში მაჟრუალებს… თუ გამყიდველს ნერვები წესრიგში აქვს, კეთილად მიღიმის და მყვება ამ ცანცარში და ჩემი გამოსვლის შემდეგ სვამს დამამშვიდებელს. თუ დაძაბულია, იქვე მიყურებს დაგეცამეხი სახით და დამამშვიდებელსაც იქვე სვამს.
ზოგადად, ადამიანებიც სუნებად იყოფიან. კი, კი, “ესვერარი” კი არა, ეგრეა ნაღდად. ნუ, ჩემთვის. -_-
აი, არიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც სულ ჩაის დალევა მინდება. მათთან სახლში მისვლა, ან სადმე მყუდროდ დაჯდომა და ჩაის დალევა. კაკაოსა და დარიჩინიანი ფუნთუშის სუნი აქვთ ამ ადამიანებს და პლედის შემოკეცვის, ალუბლის კექსის, თმებში ფოთიალისა და დაბალ ხმაზე ამბების მოყოლის სურვილები მოაქვთ ჩემში.
ისეთებიც არიან, დილის ჰაერის სუნი რომ უდით. აი, შეხვდები და მთა, თუ ნაძვები, თუ დილის ცა თუ რაღაც გესუნება. მაგათთან სულ წანწალი მინდება, ბალახზე გაწოლა, გაზმორებისას ფეხის თითების ერთმანეთზე შეხება და ერთმანეთის სუნთქვის სმენა.
არიან სიძველისსუნა ადამიანები. არ ვიცი, საიდან მომდის ცხვირში მათ დანახვაზე ეს სუნი. ძველი ნივთებისადმი სიყვარული, ოცდაათი წლის წინანდელი სუნამოებისადმი ერთგულება, თანამედროვე რამეებისადმი შიში/სიფრთხილე – ალბათ, ყველაფერს ერთად მოაქვს.
არიან ადამიანები-სუნები, რომელთა ბუნებრივ, თანდაყოლილ არომატებსაც ვნებები, მუხტები, ფლუიდების ფრქვევა ახლავს. მიზიდვა-განზიდვები, მუცლის ჟრუალები და ცეცხლები.
საკმევლისსუნებიც არიან. რაღაცნაირი კამკამასუნიანები და თვითჩაღრმავების თუ ლოცვის თუ რაღაც ამაღლებული განწყობების მომტანები.
ზოგი ისეთი სუნია, საკმარისია, ერთხელ შეისუნთქო, სამუდამოდ გამახსოვრდება და მორიგი შეხვედრისას თავისთავად იკრავ სუნთქვას, რომ მეორედაც იგივე აღარ ქნა და აღარ შემოგესუნთქოს.
მოკლედ, დადიან ადამიანები და თან დაჰყავთ თავიანთი ფერადი სუნები. დიდი ხნის უნახავ ადამიანს რომ შეხვდები… მოდიან ქუჩაში ადამიანი და მისი სუნი და გადაეყრები ერთ მშვენიერ დღეს. შეისრუტავ და ცოცხლდება კადრებად შენი და მისი ამბები.
“…ისევ ის სუნი აქვს, მერვე კლასში რომ ჰქონდა” – [სავარაუდოდ] პირველკურსელი გოგოშკები შეხვდნენ კლასელ ბიჭს და ჩახუტებისას თქვა ერთ-ერთმა. ამ დროს ჩავიარე, გავიგონე და გამახსენდა, რომ მეც სუნოფილი ვარ. 
არარი ცუდი სუნოფილობა. ნუ, ერთი კია, გინდა-არგინდა, ყველანაირ სუნს შეიწოვ, არ მოგწონს, გძაგს – მაინც ისუნთქავ. ისუნთქავ ხარბად და შენი ნესტოების მეხსიერება, ფაქტობრივად, სამუდამოდ აღიბეჭდავს ათასობით სუნს და მათთან მიბმულ ასიათასობით ამბავს.
ჰოდა, თამაშია, რა, ერთგვარი – სუნებით ადამიანების დამახსოვრებობანა.
ვირტუალურ სივრცეში თამაშს განსაკუთრებული აზარტი ემატება, რადგან ბევრ უცნობთან გიწევს ურთიერთობა. ზოგი განსაკუთრებით გესაინტერესოება, გიყვარდება, ეჩვევი. ჰოდა, სულ ვფიქრობ ხოლმე, როგორსუნიანი იქნება ახლა ეს? რა პირველადი არომატი ექნება და რა – შერეული ტონები? რამდენად თავსებადია ჩემი და მისი სუნები?
თუ ჯერ არ გიცდია ადამიანების გასუნება, სცადე. მაგარია. სახალისო. 😉
არ დაფრთხე, სინამდვილეში მარტივია.
1. დაფიქრდი ადამიანზე (თუ ახლოს არ გყავს, შეგიძლია წარმოიდგინო მისი კანის ფაქტურა, ხმა, სხვადასხვა მანერა).
2. კიდევ დაფიქრდი. ახლა უკვე მის უფრო ღრმა შრეებზე.
3. დაძაბე ყნოსვა და დაიჭირე არომატები, რომლებიც უეჭველად მოვლენ.
4. ეცადე გამოიცნო, რატომ აასოცირებს შენი ცხვირი და გონება ამ არომატს იმ ადამიანთან.
5. სულ ესაა. ყოჩაღ!

ჰოდა, როგორი სუნი ვარ შენთვის? ^.^woman nose on white

 
2 Comments

Posted by on მარტი 4, 2017 in Uncategorized

 

ტეგები: , , , , ,

არ ჩამოეკიდო

ჩამოკიდება მრავალგვარი არსებობს. შეიძლება ჩამოეკიდო ძელზე, თოკზე, ჩამოიკიდო მძივი, ჩამოკიდო სურათი, ჩაკიდო არაყი და ლუდი, ჩამოჰკიდო/ჩამოიკიდო მედალი, დაიკიდო რამე/ვინმე…
და ჩამოეკიდო ადამიანს.

ჩამოკიდებათაგან ყველაზე სახიფათო ბოლოა.
ერთი იმიტომ, რომ მძიმე ხარ (რაც უნდა გამხდარი იყო, მაინც). ან მოწყდები და დაზარალდები, ან დაამძიმებ და წელში გაწყვეტ. და ცოდოები ხართ. ისიც, შენც.
მეორე იმიტომ, რომ თუ ძალიან დაამძიმე ჩამოსაკიდი ობიექტი, ერთი ნაბიჯი გაქვს, რომ ჩამოკიდებულიდან პირდაპირ დაკიდებულ მდგომარეობაში აღმოჩნდე. რაც არცთუ სასიამოვნოა.
მესამე იმიტომ, რომ თუ ვერ გრძნობ, რომ ჩამოკიდებული ხარ, ცოდო ხარ. თუ გრძნობ და გკიდია, ოღონდ დასაკიდი ადგილი შეინარჩუნო, უთავმოყვარეო მტანჯველი ხარ და თუ გრძნობ და ხვდები რომ ცუდია, თვითონაც მაგრად იტანჯები. რომ აღარაფერი ვთქვათ იმის ტანჯვაზე, ვისზეც კიდიხარ.

როგორც შეიძლება ჩამოეკიდო 

ავიღოთ სიყვარულის/მოწონების სახელით შეფუთული ეგოიზმი (მაგ., მშობელშვილური, ბიჭგოგოური, მოსწმასწური…), დავუმატოთ გარდარეული ზრუნვა პოტენციურ ჩამოსაკიდებელ ობიექტზე, მოვასხათ ნარკოტიკული მიჩვევა, მიმოვაბნიოთ მოხიბვლა-განხიბვლის მარცვლები, გამოვაცხოთ შინაგანი შფოთვისა და მოუსვენრობის მომატებულ ტემპერატურაზე და ვუალა! – გამძლე ყულფი მზადაა. შეგიძლია იკონწიალო გემრიელად.

რისკები. ტასკები.

ჩამოკიდების ერთ-ერთი რისკი ისაა, რომ კარგა ხანს ვერ აცნობიერებ, რომ შენ ჰაერში ხარ. კიდიხარ. ჩამოკიდების ობიექტი კარგად არ გრძნობს თავს. შფოთავს. ეჭვებშია. წუხს. უნიათოდ ცდილობს გაგრძნობინოს, რომ ჩამოკიდებული ჰყავხარ, თან ისე, რომ თოკი არ ჩაგიჭრას.
შენ ამ მცდელობებს არ იმჩნევ/ვერ ამჩნევ, უძებნი ათასგვარ სულელურ, შენთვისაც დაუჯერებელ ახსნას. როცა უკვე მდგომარეობა ჩიხში შედის და ჩამოსაკიდი ობიექტი მაკრატელზე ალაპარაკდება, ან, საერთოდაც, თოკს ჭრის (ან ზოგჯერ ღრღნის), ეძახი უმადურს (ხმამაღლა ან გულში მაინც), ღელავ, მუცელი გგვრემს, ცუდად გძინავს.
ჩიხი ბევრია – ჩამოსაკიდებელი ობიექტის ასაკობრივი/მენტალური გაზრდა/დაპატარავება, შიში, დაფრთხობა, დაღლა, მოწყენა, ინტერესის გაქრობა, სხვა გარემოებებზე, თემებზე, ადამიანებზე გადართვა.

ინტერპრეტაცია

ზემოთ აღწერილი სულაც არ ნიშნავს, რომ ინდეფერენტული, უსიყვარულო,გრძნობების გამოუმჟღავნებელი მინავლული ღუმელი უნდა იყო. ჰოდა, არც გინდა ამგვარი ინტერპრეტაციები, გეთაყვა. დიახაც, უნდა გიყვარდეს, ზრუნავდე, ათბობდე, ჩახჩახებდე. უნდა გადასდო კიდეც ეს შენი მუხტები შვილს, შეყვარებულს, მოსწავლეს, მეგობარს, ნაცნობს. ოღონდ გახსოვდეს, ამ ყველაფრის ჰიპერდოზირება კლავს! გკლავთ შენც და მასაც.
ჰოდა იყავი, რა, ღუმელი გუზგუზის რეგულირების ღილაკით. და არა ყელსმობჯენილ ყულფზე მოქანავე მძიმე თუჯის ნაჭერი.
ჰო, მეორე უკიდურესობა არ დაგემართოს და სულ მაგაზე ფიქრით არ გამოიხრა თავი, არ ჩამოვეკიდო და კისერი არ მოვწყვიტოო. ეგეც არანაკლები ყულფი და ტანჯვაა. საშინელი. შენთვისაც და მისთვისაც.

რა ვქნათ

თუ გრძნობ, რომ ჩამოკიდებული ხარ, ყოჩაღ, ეს უკვე კარგია! ახლა უნდა იმოქმედო.
კი, თავიდან გაგიჭირდება. შეამოწმებ ტელეფონს, ინბოქსს, დაათვალიერებ მის ფოტოებს, საჩუქრებს, მასთან ძაფგაბმულ უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან ნივთებს. გული შეგეკუმშება, აგეტირება, დაიბოღმები, იფეხებზემკიდიავებ, შეიძლება მოსაკითხად აქავებული თითები, ენა, ტვინი მდუღარე წყალში ჩააწყო, ასკეტური მარხვა დაიწესო, იკრუსუნო, ხალისიც დაკარგო, მაგრამ გაუშვა!
აი, მთავარი ნიჭი – გაშვების.
შენ აღდგები. ნუ გეშინია. ფენიქსი ხარ. 😉

რატომ უნდა გაუშვა

ჰეი, შენ ადამიანი-სადგური ხარ.
აცნობიერებ ამას? 😉
(ოღონდ გულსგარეთ, თეორიულად კი არა, სისხლის უჯრედებამდე, პანკრეასამდე უნდა აცნობიერებდე)
დგახარ ერთნათურამბჟუტავი. შენთვის. აბურდულ რელსებში, ღამეებში, ქარებში, ჩახჩახა მზეებში, უცნაურ ხმებში, მუდმივ მოძრაობებში. შენთან მოსული ნებისმიერი ადამიანი მატარებელია. მოვა, შემოაღებს შენს ჭრაჭუნა კარს, გათბება, შენს საჭმელს შეჭამს, გულთან რომ ფირსაკრავი გიდგას, მასზე შენსმუსიკიან ფირფიტებს დაატრიალებს, შენს მყუდრო ლოგინში მოისვენებს. შეიძლება 9 თვეც კი ჩაგიცხოვრდეს. უსუსური იყოს, მოწყენილი, ხალისიანიც, ღუნღულაც. ჰოდა, ხარობ შენც, სადგურო, მაგრამ სულ გახსოვს, რომ სადგური ხარ.
და არასოდეს, ერთხელაც კი არ წამოაძახებ, რომ მის ანგარიშზე არაერთი შენ მიერ გათენებული ღამე და უთენია წამოხტომაა. რომ მისი კარგად ყოფნისთვის ბევრჯერ ცუდად ყოფილხარ. რომ მისი გულისთვის სწავლა არ გააგრძელე, არ დაოჯახდი, თვალებში შესციცინებდი, მეგობრები მიატოვე, საყვარელ საქმეზე/ადგილებზე უარი თქვი, მასთან სინქრონში სუნთქავდი, ცხოვრება შესწირე, მის სიხარულს ეფოფინე, შემოსავალი დაახარჯე, მის კომფორტზე უჩუმრად იზრუნე, იღელვე, მუცლით ატარე. რომ შენ გეგონა… რომ ყველაფერი ისე მიდიოდა… რომ მისგან არ მოელოდი…
არ წამოაძახებ, რადგან ზუსტად იცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი-მატარებელი წავა. რადგან სხვა გზები აქვს სავალი. რადგან სხვა ადამიანი-მატარებელი უნდა დადგეს შენთან. რადგან შენ თვითონაც სხვა სადგურში ხარ გასაჩერებელი. რადგან ასეთია ადამიანი-მატარებლის ბუნება.
ჰოდა, აუნთე მწვანე შუქი, გაუღე შენი გულის ბევრი გაღება-დახურვისგან აჭრაჭუნებული კარი და გაუშვი!
გაუშვი და შენს კისერზე იგრძნობ, როგორ შემსუბუქდა მისი კისერი.
გაუშვი და და ეს იქნება შენი მისდამი სიყვარულის ყველაზე დიდი დასტური!
გაუშვი და აღმოაჩენ, როგორ გიყვარს შენი გამშვები თავი!
გაუშვი და მოგეშვება! 😉

old tailor scissors and rope on the wooden background

 
4 Comments

Posted by on თებერვალი 1, 2017 in Uncategorized

 

“სკოლის სევდა”

რამდენიმე დღის წინ ფბ-ს ვათვალიერებდი და გადავეყარე ერთ-ერთი ნაცნობის პოსტ-წუხილს იმის თაობაზე, რომ მისი შვილი სკოლაში წასვლისას ტირის.
ბავშვს პირადად არ ვიცნობ, თუმცა მისი ვიდეოები მაქვს ნანახი და ვიცი, როგორიცაა. წარმოიდგინეთ ათი წლის ადამიანი, რომელსაც აქვს მრავალმხრივი ინტერესები (მეცნიერებები, ტექნოლოგიები…), მეტყველებს დახვეწილი ინგლისურით, შეუძლია სხვადასხვა საკითხზე საინტერესოდ მსჯელობა, დისკუსია, არგუმენტების მოტანა. ერთი სიტყვით, იისფერს რომ ასხივებს, იმ ტიპის ვინმეა. ნუ, ცხადია, ასეთი მოსწავლის დაინტერესება, ყურადღებისა და მოტივაციის შენარჩუნება უფრო ძნელი და წინასწარ კარგად დასაგეგმი რამაა. მასწავლებლებს დამატებითი აქტივობების, რესურსის, შრომის მობილიზება დასჭირდებათ ასეთი ბავშვებისთვის გემრიელი სასწავლო ლუკმების მოსამზადებლად. არგუმენტები – “იმან ხომ გაიგო, შენ რა დაგემართა”, “ის ხომ ზის ჩუმად, შენ რატომ გწყინდება”, “იმას ხომ მოუხარია სკოლისკენ, ანუ შენშია პრობლემა”, “იმისი მშობლები ხომ კმაყოფილები არიან, ანუ შენ ხარ პრეტენზიული” და მისთანანი – თავის დროზეც ძირმომპალი და არგასაჭაჭანებელი იყო, დღევანდელ დღეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ნუ, პედაგოგიკასა და თითოეულ (!!!) მოსწავლეზე ორიენტირებულ ინტერაქტიულ სწავლებასთან ახლოსაც რომ არაა ამგვარი მსჯელობა, ამაზე აღარ შევჩერდები.
ზემოთ ხსენებულ პოსტში არც რომელიმე მასწავლებლის, სკოლის, კლასელის მიმართ საყვედური იკითხებოდა და არც რაიმე სხვა კონკრეტული მიზეზი იყო დასახელებული ბავშვის დემოტივაციის ასახსნელად. ადეკვატური მკითხველი ამოიკითხავდა მხოლოდ მშობლის წუხილს იმის გამო, რომ ბავშვს არ უნდა სკოლაში წასვლა. ამ ერთწინადადებიან პოსტს ახლდა კომენტარების ზღვა. არა, უკვე ოკეანე, რადგან ადამიანების აზრების, დამოკიდებულებების, განწყობების ტალღები კვლავ ბობოქრობენ იმ კედელზე.
ცხადია, მე არც პოსტის ავტორისა თუ დამკომენტარებლების მტყუან-მართლის გარჩევას, არც რომელიმე მხარისადმი გამოქომაგებას ან რაღაცების მტკიცებას ვაპირებ.
უბრალოდ, იმ კომენტარების წაკითხვის შემდეგ (რომელთა უმრავლესობა პროფესიით მასწავლებლებს ეკუთვნოდათ) მომინდა, როგორც განათლების სფეროში მომუშავე ადამიანს, როგორც მასწავლებლობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილების მქონეს, როგორც რიგით მოქალაქეს, რომელსაც არცთუ ზერელე წარმოდგენა აქვს სასკოლო განათლებაზე და სრულად აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც მასწავლებელს ინდივიდის ფორმირების საქმეში აკისრია, რამდენიმე სიტყვა მეთქვა იმის თაობაზე, რომ:
  • თუ გადაწყვიტე გახდე მასწავლებელი, კეთილი უნდა ინებო და გიყვარდეს ადამიანები! მათ შორის, ყოფილი მოსწავლეებიც, უკმაყოფილო მშობლებიც, “უნიჭო” და “ნიჭიერი” ბავშვებიც.
  • თუკი ბავშვს სკოლის დასამთავრებლად/საგნის ჩასაბარებლად შენი ჩარევა დასჭირდა და ნიშანი “სამადლოდ აჩუქე” (ეს გამოთქმა უკვე ერთ რამედ ღირს),
    ა) ეს, პირველ რიგში, შენი სწავლების დაბალ ხარისხზე მეტყველებს.
    ბ) ნუღარ წამოაძახებ ამ “სიკეთეს”, ნურც პირადად, მით უმეტეს, ნურც საჯაროდ.
  • თუკი ვინმე უკმაყოფილოა შენი/შენი კოლეგის სწავლების სტილით, ურთიერთობის ფორმით, შენი სკოლის ადმინისტრაციით, ნუ გადახვალ ავტომატურად თავდაცის/თავდასხმის, მით უმეტეს, შეურაცხყოფის (და არა შეურაწყობის/შეურაცყოფის/შეურაწყოფის და ა.შ.) რეჟიმში. ძალების მობილიზება პრობლემის აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად – აი, საუკეთესო მხარდაჭერა ბავშვისთვის, საკუთარი თავისთვის, კოლეგისთვის, სკოლისთვის.
  • თითოეული მოსწავლე უნდა იყოს სკოლაში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში!
    მთელი კლასიც რომ კმაყოფილ-დალხენილი იყოს, ყველა არაჩვეულებრივად სწავლობდეს, ყველასთვის საინტერესო და პროდუქტიული იყოს სკოლაში მიმდინარე პროცესები (ღმერთმა ქნას, ჩვენც ყველას ეს გვინდა), ის ერთი პრობლემიანი ადამიანიც სკოლის ნაწილია. სასკოლო ცხოვრების სრულფასოვანი წევრი. ისეთივე მნიშვნელოვანი, ღირებული, მოსაფრთხილებელი, დასაცავი, მოსაფერებელი, როგორიც სხვა დანარჩენი! მისი მოკვეთა, ყველაფრის მისთვის, მისი მშობლებისთვის, მისი ჰობისთვის, მისი განსხვავებულობისთვის გადაბრალება არაა გამოსავალი. გამოსავალი პრობლემის ანალიზსა და მის გადასაჭრელად ძალების სწორად გაერთიანებაშია.
  • პრობლემაზე თვალის დახუჭვა, მიჩქმალვა, უარყოფა, სხვისთვის გადაბრალება – ეს ყველაფერი ნაღმის ღრმად დაფვლას ნიშნავს. იმ ნაღმს ადრე თუ გვიან აუცილებლად წამოედება რომელიმე ბავშვი. ანუ წამოედება მისი მშობელიც. ანუ წამოედებიან მისი მასწავლებლებიც. მისი მეგობრებიც. მათი მშობლებიც. ანუ წამოედება საზოგადოება. ჩვენ წამოვედებით.
  •  განსხვავებულობის შიში (შიში ჰქვია ამას, როდესაც ყველას ერთნაირობის ყალიბში აქცევ ნებით თუ უნებლიეთ) ძალიან სახიფათოა! და ორმაგად, არა, ასმაგად სახიფათო ხდება, როდესაც სკოლაში ეშინიათ განსხვავებულობების (სხვანაირი ბავშვების, სხვაგვარად სწავლების, განსხვავებულად ჩაცმის…). ასმაგად სახიფათოა-მეთქი იმიტომ, რომ სინამდვილეში სკოლის უპირველესი ამოცანა სწორედ ისაა, ბავშვებს მათში მცხოვრები განსხვავებულობები აღმოაჩენინოს, გაფურჩქნოს, განავითაროს, ხორცი შეასხას, გაფერადებაში დაეხმაროს.
  • მოცემულობა “ცუდი ბავშვი” არ არსებობს. იმის თქმა მინდა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, როგორ განვავითარებთ ჩვენ, დიდი ადამიანები, პატარა ადამიანის ქცევებს, დამოკიდებულებებს, ჩვევებს. სწორედ ჩვენი აღზრდისა და ჩვენივე ქმედებების არეკვლით ყალიბდება მათი კარგი თუ ცუდი თვისებები. ცხადია, ჩასაფრებული, ჯიბრიანი ქმედება, გაღიზიანებული ტონი, ნიშნის მოგება, ცილისწამება, შერცხვენა, შეცდომის წამოძახება პირად თუ საჯარო საუბრებში, დადებით ზეგავლენას არ ახდენს მოზარდების ცნობიერებაზე. პირიქით, შავ და მძიმე ლაქებად ილექება მათ გონებაში და ეს ლაქები როდის შეგვახსენებენ თავს, არავინ იცის.
    თუკი საკითხს ამ რაკურსით შევხედავთ, ის ცნობილი, ერთგვარად რიტორიკული კითხვაც – საიდან მოვიდა ასეთი უწიგნური, დაუნდობელი თაობა (სხვა საკითხია, თაობის ამგვარად დახასიათება რამდენად ობიექტურია) – უპასუხოდ აღარ დარჩება – ჩვენგან, მეგობრებო.
    არაფერია ახალი იმაში, რომ ინდივიდის ძირითადი თვისებები, ღირებულებები, დამოკიდებულებები სწორედ სკოლაში ყალიბდება. არც ისაა ვინმესთვის უცხო, რომ ეს ინდივიდები რამდენიმე წლის შემდეგ საზოგადოებას ქმნიან.
    და რადგან ერთფეროვანი საზოგადოება პასიურ, ინდეფერენტულ, მოძალადე, უსუსურ,უინტერესო, დაშინებულ მასას ნიშნავს,
    რადგან ერთფეოვანი საზოგადოება ნელი კვდომაა,
    რადგან თამამი, ფერადი, ღირებულებების მქონე საზოგადოება გვინდა,
    სწორედ განსხვავებულუნარებიანი, განსხვავებულხედვიანი, ჭრელაზრებიანი ბავშვების მოლოდინი გვაქვს სკოლებისგან!
    ჰოდა, საყვარელო მასწებო, მოუფრთხილდით მაგ საძერწ მასალას, წელიწადში დაახლოებით 33 კვირა რომ ხელში გიჭირავთ და სხვადასხვაგვარ ფორმას, ზომას, მოცულობას აძლევთ, თქვენი ხელების ენერგეტიკას რომ გადასცემთ და ბოლოს, გამზადებულს, თაროზე ადგილს მიუჩენთ. მოუფრთხილდით, რადგან ძალიან ძვირფასია!
    12 წელი მალე გავა. ნამუშევრების გამოფენა წინაა. 525700_2490498877195_308751637_n
 

უსათაურო. ან სამპუნქტიანი გაზიარება

thought-cloud
ახლახან დავბრუნდი შინ. კონსერვატორიაში ვიყავი “ელისოს” ჩვენებაზე, ნიკა მაჩაიძის მუსიკის აკომპანემენტით.
ჰოდა, გზაშივე ვიგრძენი, რომ სამი რამე მინდა ვთქვა (ცხელ-ცხელზე):
1. ფანტასტიკური ფილმი!
ვიცი, ნანახი გაქვთ ბევრს, მაგრამ აუნანახიმაქვსეგ ტიპისგან მიიღეთ რჩევა და უყურეთ კიდევ ერთხელ! იუმორი, კადრები, ექსპრესია, მსახიობები… სრულიად არაჩვეულებრივია!
2. 1964+2016
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მუსიკა არ მიყვარს, მღლის, ზომბის შეგრძნებებს მგვრის და ა.შ. (ნუ ვიკამათებთ, ხომ არ ვამბობ, ცუდია-მეთქი 😉 ), ნიკა მაჩაიძის მუსიკა მიყვარს! ანუ შემიძლია მუშაობისას, ბოდიალისას, მზეზე დახრუკვისას, კითხვისას ვუსმინო. ძალიან კულტურული, საინტერესო და შრეებიანი მუსიკოსია ჩემთვის და ჩემი ყურებისთვის.
ჰოდა, ისსსსსეთი მაგარი იყო ნიკამაჩაიძისმუსიკიანი “ელისო”, ისე საინტერესოდ იყურებ-ისმინებოდა ეს ეკლეკტიკა, ისეთი მაგარი და დასაფასებელი ნაბიჯია, ელდარ შენგელაია, ე.წ. “ძველი თაობის ადამიანი”, რომ ირჩევს, ერთი შეხედვით, კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი მუსიკით გაფორმდეს 1964 წელს გადაღებული ფილმი. ისეთი კარგები, მოტივირებულები იყვნენ პიანისტები, რომლებიც მუშაობდნენ ნიკასთან ერთად. ჰო, მთლად ელექტრონული არ იყო მუსიკა. ნაზავი იყო რაღაც ბევრნაირი კარგობების.
გარისკვად, ცხადია, ღირდა. ძალიან საინტერესო, მსმენელ-მაყურებელზე ძლიერი ზეგავლენის მომხდენი ექსპერიმენტი გამოვიდა! ახლა ვხვდები, რას გრძნობს დედაჩემი, გაბადრული სახით რომ მიამბობს ხოლმე, “სპარტაკში” ფილმების ჩვენებისას “ტაპёრი” როგორ უკრავდა.
ეკრანში შეძვრები, ფილმი დაგხვდება თავისი ჯადოქრობებით, გარეთ მიმოიხედავ, აქაც ჯადოქრობები – უკვე მუსიკოსებისგან. ხმები, ხმები, ხმები. სიმების, კლავიშების, ჩაქუჩების, დოლების. უხ, ძალიან მაგარი იყო!
3. ავტოტრენინგი
ეს ნაწილი უშუალოდ ფილმ-მუსიკით შთაბეჭდილებების გაზიარებას აღარ ეხება.
უფრო, შინაგან ამბებს. საკუთარითავისგაზრდობანას.
მარტო ვიყავი წასული!
ისე აეწყო, არც არავის გამოუჩენია ინიციატივა და, რომც გამოეჩინათ, მეტი ბილეთიც არ იყო. რაღაც უცნაურად გადავეყარე ამ ერთსაც და ვეძგერე ეგრევე.
მე, ზოგადად, მიყვარს მარტო წანწალი (სეირნობით დაწყებული, სპექტაკლზე წასვლით გაგრძელებული, ზღვაზე გაქროლებით დამთავრებული). არ მედისკომფორტულება საერთოდ. პირიქითაც, ხშირად.
მაგრამ რისი თქმა მინდა… აი, სტერეოტიპი რომაა, “უი, მარტო როგორ წახვედი?”, “აუ, მარტო მიტყდება” და მისთანანი.
მეც არაერთი კონცერტი, სპექტაკლი, ქალაქგარეთ/სტუმრად წაბოდიალება, მოკლედ, ბევრი მნიშვნელოვანი სურვილი მაქვს იდიოტურად გამაზული სხვების არმინდას, არმცალიას, მეზარებას, მინდამაგრამხვეწნამჭირდებას გამო.
ყველა ეს გამაზვა მინანია მერე! ზოგჯერ იმასაც უნანია, ვინც გადამაგდო, ჩაშალა, დაეზარა, ზოგჯერ კი ძალიან მარტივად გაუტარებია.
ჰოდა, ავდექი და გავზარდე ჩემი თავი! სადაც მინდა, მივდივარ!
მკიდია, ვინ მოდის, ვის ღრიჭინი სჭირდება, ვინ გადაიფიქრა. მინდა – მივდივარ! ხან მარტო, ხან უცნობებთან, ხან ოჯახთან, ხან ისერა ნაცნობებთან, ხან უახლოეს(ებ)თან ერთად. ასე წავედი სულ პირველად ხევსურეთში, სრულიად უცნობ ადამიანებთან, ასე წავედი კაბადოკიაში, ასევე უცნობებთან, ასე ვნახე ბევრი სპექტაკლი თუ ფილმი, ასე წავედი პირველად ზღვაზე მარტო… (მარტო წარმოებული დაკვირვებებისას რაებს პოულობ საკუთარ თავსა და გარესამყაროში, მაგაზე ცალკე პოსტია გამოსაცხობი).
და ყველა ის შთაბეჭდილება, გარემოებებდაკიდებულმა რომ შევაგროვე, განსაკუთრებულად მეძვირფასება! “ყოჩაღ, თათა! გოუ!” – ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს, თვალს ვიკრავ სარკეში და ბეჭზე ხელს ვიტყაპუნებ. 🙂
მოკლედ, რისი თქმა მინდოდა და, უამრავი ნაცნობ-მეგობრისგან მსმენია ეს მილიციელივითმარტოხომარწავიდოდი (ჯერ “მილიციელზე” ეტყობა, როდიდან ჩაცემენტებული ხედვაა).
-_-
ხოდა, განაგდე სტერეოტიპი, წადი ყველგან, სადაც გული გთხოვს, და, რაც მთავარია, დაიხუნძლე შთაბეჭდილებებით, მეგობარო! ხან მარტო, ხან სხვებთან ერთად და ასე. მარტივად. 😉
(თორემ დრო რომ მიქრის, უკან მიბრუნება რომ ძნელია და ნიახური ხომ არა ხარ, რომ მეორედ მოხვიდე, ამათი შეხსენება, მგონი, არაა საჭირო, ნუ, ეგ ხომ ყველამ ვიცით ისედაც :3 )
 

აღმოჩენა. აკვარიუმი. ადამიანი.

დღეს ვისმენდი ერთი საინტერესო ლექტორის ლექციას და ამბობდა, ასაკის მატებასთან ერთად ემოციური აღმოჩენების რაოდენობა იკლებსო. საკმაო გამოცდილება რომ უკვე დაგროვილი აქვს ადამიანს, ეგაა ერთ-ერთი მიზეზიო.
ვეთანხმები.
ცხადია, რადგან იკლებს, სულ უფრო გიხარია და გეუცნაურება ამ აღმოჩენებთან შეხვედრა.
ჰოდა, აღმოჩენების კვირა მქონდა. ^.^
ჯერ იყო და, რეი ბრედბერი რომ “ბაბუაწვერას ღვინოში” მე მყვება, ეგ აღმოვაჩინე. ანუ რომ დავდივარ და სამყაროს ყოველდღიური აღმოჩენის რიტუალს აღვასრულებ მუდმივად, რაღაც ჩქამებისა და სხვებისთვის სრულიად უმნიშვნელო დეტალებისგან შემდგარი აღმოჩენების რიტუალს და რომ მგონია, ამის შესახებ არავინაც არ იცის, დგას კაცი აგერ და ისე წერს ამ ყველაფერზე, თითქოს დაწვრილებით მაქვს ჩაკაკლული დარიჩინიანი ყავის ერთად წრუპვისას.
მერე იყო და, ერთი საინტერესო ადამიანის საინტერესო პოსტს გადავეყარე ფბ-ზე, დავუმეგობრდი და აღმოჩნდა, რომ ეს საინტერესო ადამიანი იგივე ის საინტერესო ადამიანი ყოფილა, რომლის ნაწერებსაც საკმაოდ დიდხანს ვკითხულობდი ადრე, მომწონდა ძალიან და რომლის ბოლო ხანებში გაუჩინარებაც გულს მწყვეტდა. ჩავუყევი მის ვოლს და უცებ ტვინში აინთო – ეეე, ეს ისაა!
ამის მერე იყო, ათასობით ბლოგის ქექვისას, ერთი შეხედვით, ჩემთვის უინტერესო თემაზე ბლოგს გადავეყარე. წესით, ეგრევე გვერდი უნდა ამექცია და გადამესქროლა სხვაგან, მაგრამ შევყევი, შევყევი და ყველა პოსტის გადაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ იმ ადამიანის ბლოგია, რომელთანაც ფბ-ზე ვმეგობრობ, რომლის პოსტებიც ყოველთვის გამორჩეულად საინტერესო და სახალისოა ხოლმე ჩემთვის. გვერდის ბოლოს მისი ფბ პროფილი ჰქონდა დალინკული ვორდპრესს და მივერჭე ცხვირით :)) და ისევ ის განცდა, ასე ნათურის ამნთები და ტვინის ხვეულის გამტკაცუნებელი – ეეე, ეს ისაა!
სრულიად უცნობი ადამიანის აღმოჩენა ჩემთვის კანფეტის შეჭმას ჰგავს. აი, გაქვს შეფუთული კანფეტი. არ გაგიხსნია. შესაფუთი ქაღალდით, კანფეტის მოცულობით, მსუბუქი შეხებით ვარაუდობ, როგორი იქნება მისი შიგთავსი. შეიძლება იმდენად არ მიგიზიდოს ამ გარეშეფუთვებმა, არც კი გადაწყვიტო გახსნა და გადადო გვერდზე (მერე სხვა რომ გახსნის და იტყვის, რა გემრიელი იყოო, კი ჩაიბუზღუნებ, რა უტვინო ვარ, რით ვერ ვისწავლე, რომ მარტო გარეგნულ ამბებს არ ვენდოო -_- ). აი, ზოგჯერ კიდევ გადაწყვეტ გახსნას, აჭრაჭუნებ ქაღალდს და კაწკაწით ელი, რა დაგხვდება შიგნით. დაყნოსავ, ენის წვერს მიადებ, ჩაკბეჩ, დააგემოვნებ, გემოს შეეჩვევი. მეორედ ჩაკბეჩ, უკვე სხვადასხვა არომატს გამოარჩევ გემოში… ჰოდა, ან ხდება შენი კანფეტი და ყოველ ჯერზე გინდება მისი შესმუსვნა, ან გადადებ გვერდზე და “გმადლობ, ტკბილი არ მიყვარსო”, იღიმი თავაზიანად.
კიდევ ერთი ასოციაცია, რომელიც ადამიანების პოვნასთან დაკავშირებით მაქვს, არის აკვარიუმი. ზოგადად, ყველა ადამიანი მეაკვარიუმება. თითოეული ჩვენგანი რომ უამრავ თევზს, მოლუსკს, წყალმცენარეს, ლოკოკინას, ზვიგენს, დელფინს, ვეშაპს, ზღვის ცხენს რომ აბინადრებს შიგნით, მაგას კარგა ხანია, მივხვდი. ეს ყველაფერი რომ ხშირად შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს და მაინც რომ უნდა ვცადო ანკესის ჩაგდება ან ჩაყურყუმალავება, მაგას კიდევ კარგა ხანია ვასწავლი ჩემს თავს და ხან გამომდის, ხან – ისევ ვერა. იმასაც ვასწავლი, ზღვაში ყვინთვისას ხანდახან ნახმარ პამპერსს ან ძუნგლიან ბოთლს ხომ წამოედები, მაგრამ ეს არც ზღვას, არც ყვინთვას არ გაძულებს-მეთქი. ჰოდა, ეგრეა აქაც. წამოედე რაღაც არასასურველს? გააცურე გვერდით თვალებდახუჭულმა და განაგრძე ყურყუმელაობა. ყველა ადამიანში ცხოვრობს დელფინი. მოძებნა უნდა, რა. ნუ, ვსწავლობ, ჰო. ვდიდგოგოვდები ნელ-ნელა.
ამ აკვარიუმობანასთვის ფბ ზედგამოჭრილია. ფაქტობრივად, სულ ანკესით ხარ. ან წამოგედება/წამოედები, ან აგისხლეტს/აისხლეტ და ეგრე.
ჰოდა, რა ჯადოსნური განცდაა, სრულიად უცნობ, ასე, აკვარიუმობანათი ნაპოვნ ადამიანებს რომ თურმე შენნაირად უყვართ დილის გაზმორება და დაბრაწული ყიყლიყო, სასაფლაოებზე ბოდიალი და თბილისური სადარბაზოები, ასტრიდი და “მელია ტულეფია”… გაქვთ წერილების ერთნაირი წერის მანერა, ერთნაირი შუტკები, გამოთქმები. გეხალისება ადამიანი!
არა იმიტომ, რომ მისგან რამეს ელი, ან ეფლირტავები, ან მისი სოც. სტატუსი გხიბლავს, ან იძულებული ხარ, მისწერო, ან… არ ვიცი, ნებისმიერი მოვალეობა გაკისრია მის მიმართ. არა, უბრალოდ, მოგწონს.
მოგწონს ისე, რომ არ იცი მისი სახელი, ზოგჯერ – სქესიც, თვალის ფერი, კანის სუნი, წამწამები, ჭორფლი, ჩაის სმის მანერა, ხმა, ტუჩები, სიარული.
მოგწონს ამ ყველაფრის გარეშე. პრინციპში, საერთოდაც არ გჭირდება ესენი. ძაან უცნაურია! :))
რაღაც საოცრად გემრიელი და დამაინტრიგებელი განცდაა. დაახლოებით ისეთი, რაღაცნაირ, საინტერესოგემოიან კერძს რომ აგემოვნებ და აზრზე არ ხარ, რისგანაა მომზადებული. ყოველ ლუკმაზე ტვინი ფუთფუთებს და რაღაცების ამოცნობას ცდილობს და თან კიდევ ტკბება ამ ამოუცნობობით.
მოკლედ, მე გამიმართლა და დარიჩინიან-ვისკიანი ჩაის გემოიანი ადამიანები აღმომეჩენინნენ ამ კვირაში.
პოსტი კი იმიტომ შემომეწერა, რომ, პირველ რიგში, ჩემს თავს (და მერე, რავი, თქვენც, ვისაც გინდათ 😉 ) გავუმეორო: გოგოვ, ყოველდღე რომ გულგრილად აუვლი გვერდს, რა იცი, იმ აკვარიუმებში რა საინტერესოობები აღმოგეჩენინოს!
ჰო, რა თქმა უნდა, მეც, როგორც ყველა, ეგეთივე აკვარიუმი ვარ, გულგრილადარჩასავლელი, საინტერესოობებიანი და აღმოსაჩენი. ^.^
მაშ, ჩააგდე ანკესი! 🙂
aquarium_photoshop.jpg
 
2 Comments

Posted by on ოქტომბერი 30, 2016 in Uncategorized

 

მასწ.-ის დღე

დღეს მასწ.-ის დღეა!
მძაგს ამის-იმის დღეები. დედ-მამის დღე, სიყვარულის დღე, “გილьოცაავთ”, ვარდებზე დათაგვა და მისთანანი. მიუხედავად ბესიკ ჩუბინიძის, ამ ბუმბერაზი პიროვნების, დიდი პატივისცემისა (ამ ტიპის დღეების ქართული ვარიაციების დიდი ნაწილი ხომ მისი დაწესებულია, რისთვისაც ვემადლიერებით სრულიად ერი :3 ) ეს დღესასწაულები მაინც პათეტიკური მგონია და იაფფასიანი სუნამოს სუნს, გულისრევის შეგრძნებას მიტოვებს.
და მაინც, მიუხედავად ასეთდღეებმოძულეობისა, უცებ გადავწყვიტე მასწავლებლის დღეზე დამეწერა. ჰოდა ვწერ, რადგან საშინლად მომინდა მეთქვა, რომ მასწავლებლობა
ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი და საინტერესო პროფესიაა და მგონია, რომ თავად მასწ.-ებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ. უფრო სწორად, კი იციან, მაგრამ სულ, ყოველ წამს უნდა ახსოვდეთ! რათა მოსაბეზრებელ რუტინაში არ გადაეზარდოთ, ერთი შეხედვით, ერთმანეთის მსგავსი დღეები და არ დაეკარგოთ ჟინი ყოველ გაკვეთილზე ჯადოსნობის კეთება-ძებნისა.
და კიდევ, ასეთი პროფესია რომაა, ახალგაზრდა, საინტერესო, ფერადთმიანმა, ოქროსთითებიანმა, სიღრმეებში მოფიქრალმა, მრავალფეროვანინტერესიანმა გოგო-ბიჭებმაც უნდა იცოდნენ! რათა სამუდამოდ დაემსხვრეთ ბეჭდით დამკაკუნებელი, ტუჩებმოპრუწკული, ნაჩოსიანი, მუდმივად უკმაყოფილო და ჩემიგოგომომხედეე ინტონაციით მოსაუბრე, საშიში მასწავლებლის სტერეოტიპი და მოუნდეთ ამ პროფესიის არჩევა. და მერე გადაავსონ კლასები და ბავშვები და მათი მშობლები თავიანთი ფერადოვნებით.
ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა და ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა. იმდენად ჰქონდეს, რომ ძილის წინ ლოგინში აწრიალებდეს, ფილმის ყურებისას თუ სხვა გართობისას ახალ იდეებად თავზე ატყდებოდეს, ღამეს ათევინებდეს, ჩრდილივით დასდევდეს, ექოდ ესმოდეს – მე მონაწილეობას ვიღებ ინდივიდის ფორმირებაში! მე თანაავტორი ვარ მისი სიხარულებისა, კომპლექსებისა, გამარჯვებებისა! მე ერთგვარად განვსაზღვრავ, როგორი იქნება საზოგადოება! ჩემი სიტყვები, მზერები, ქცევები, შეფასებები, თავზე ხელის გადასმები, წამოყვირებები, დაყვავებები, საინტერესო თუ მოსაწყენი გაკვეთილები… ყველაფერი გაიშლება, გაიფურჩქნება, ფესვებს გაიდგამს. დღეს თუ არა, ზეგ – უეჭველად. მე პასუხისმგებელი ვარ! მე პასუხისმგებელი ვარ! პასუხისმგებელი ვარ.
ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი და დამქანცველი პროფესიაა და მე საკუთარ ტყავზე გამომიცდია, როგორია, სრულიად ილაჯგამოცლილი, უუნარო, ყელჩახრინწული, ფეხებდაბუჟებული, თავ- და თვალებჩახურებული იჯდე. და არაფერი გინდოდეს, გარდა ჯდომისა. არც ჩაი, არც ძილი, არც სიცილი. რადგან შენი უნარები, ენერგია, მოძრაობებიც კი, იქ დატოვე. იმათთან. უკლებლივ ყველაფერი ჩაწურე. სულ არაფერი დაიტოვე. და ზიხარ ასე, გამოხვეტილი სახლივით. ენერგიაგამოხვეტილი, თუმცა მშვიდი, რადგან ზუსტად იცი, რაღაც ამოუცნობი ძალა ხვალ კვლავ აღგადგენს. დილით მომღიმარ ფენიქსად მოევლინები შენს ბავშვებს, შენს სამუშაო მაგიდას, კოლეგებს, შენს ფერად კალმებს და ცარციან ჩვარს.
ისიც გამომიცდია, მეათასედ რომ უხსნი რაღაცას ერთ-ერთ პატარა ადამიანს, იმ პატარა ადამიანის ქომაგ დიდ ადამიანს და შენზე იერარქიულად მაღლა მდგომ ადამიანს. უხსნი მოთმინებით ან შეფარული მოუთმენლობით. ხანდახან წკიპზე მისული ნერვებით. მაგრამ უხსნი დაჟინებული ერთგულებით. რადგან შენი დამქანცველი პროფესიის ნაწილია, ყველას, ვისაც სჭირდება, აუხსნა. და იმდენჯერ, რამდენჯერაც სჭირდება. და ყოველთვის ერთნაირი პასუხისმგებლობითა და მონდომებით. ეს მოცემულობაა. და შენ ნელ-ნელა სწავლობ, როგორ იცხოვრო შენს პროფესიულ მოცემულობებთან ერთად.
ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პროფესიაა და ყველაზე კარგად თავად მასწ.-ებმა იციან ეს. ხშირად მათ დროებით გულაცრუებულობას სწორედ ეს დაუფასებლობა განაპირობებს. რაც უნდა კარგი მასწავლებელი იყო, რაც უნდა კარგი უფროსი გყავდეს და რაც უნდა კარგმშობლებიან-კარგბავშვებიანი იყოს შენი კლასი, თითქმის ყოველთვის (და არა სულ ყოველთვის. თავს ვიზღვევ მაინც, რომ არ მედავოთ მერე 😉 ):
ა) ბავშვი როდესაც კარგად სწავლობს, ეს მხოლოდ ბავშვის და/ან მხოლოდ მშობლის/ოჯახის დამსახურებაა;
ბ) ბავშვი როდესაც ცუდად სწავლობს – “მასწავლებელი რას აკეთებს?” – იტყვის მშობელიც (პრეტენზიული – ხმამაღლა, მორიდებული – ჩუმად, ფრთხილი – გულში), შეეჭვდება (პირდაპირ ან ირიბად) ადმინისტრაციაც და ზოგჯერ იტყვის თავად ბავშვიც (განსაკუთრებით მაშინ იტყვის, თუ მისი თანდასწრებით ხშირად ვაძაგებთ, ვაქილიკებთ მასწავლებელს და გვავიწყდება, როგორ ისრუტავენ პატარა ყურები ყველაფერს).
არ მინდა, ამ ტექსტს ინტერპრეტაცია მოჰყვეს. ცხადია, მასწავლებელი არ უნდა გაურბოდეს თავის წილ პასუხისმგებლობას (არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაურბოდეს! და ზევით ვისაუბრე კიდევაც ამაზე), თუმცა ნებისმიერი წარუმატებლობის მხოლოდ მასწავლებელზე ჩამოკიდება დიდი უსამართლობაა.
დაუფასებლობის განცდას ხშირად აჩენს ისიც, “შენი გაზრდილი” ბავშვები ან რომ აღარ მოგიკითხავენ, ან ბანკეტზე არ მიგიწვევენ, ან მშობლები გულგრილად მოგეკიდებიან… თუმცა, არ ვიცი, ეს დაუფასებლობა რამდენადაა. მგონი, აქ უფრო ჩვენში, მასწებშია პრობლემა. იმდენად ჩვენიანებად აღვიქვამთ, საკუთარი ოჯახებივით, მერე მძაფრად ვრეაგირებთ ამგვარ თემებზე. მეც მომიფხაჭუნებდა ხოლმე გულში რაღაც, ჩემი ძალიანდიდენერგიაჩახარჯული მოსწავლეები, ერთ დროს ჩემზე მოწებებულები, უჩემოდ რომ აგრძელებდნენ ბედნიერი სასკოლო ცხოვრებას, უჩემოდ რომ იღებდნენ ახალ შთაბეჭდილებებს, უჩემოდ რომ ზეიმობდნენ სკოლის დამთავრებას, უჩემოდ რომ……რამდენი “უჩემოდ”.
არადა სინამდვილე ხომ ასეთია – შენ მასწი ხარ, ის – მოსწი. შენ დროებითი სადგური ხარ. ჩამოივლის, შეჩერდება, გაივსება და წავა. ვიდრე შენთანაა, გაუმასპინძლდი ცოდნით, უნარებით, დამოკიდებულებებით, დატკბით ერთმანეთთან ყოფნით და მანდ დაასრულე. ნუ დაგავიწყდება ზღვარი. გიყვარდეს, მაგრამ ნუ აჰკიდებ შენი სიყვარულით დამატებით მოვალეობებს.
ერთ-ერთი ყველაზე სახალისო პროფესიაა და თუ გინდათ, ბავშვობა, სიხალისე, ჭკუამხიარულობა, გულუბრყვილობა, ჭინკათვალებიანობა შეინარჩუნოთ, აქეთ! მასწავლებლობა სრულად უზრუნველყოფს ამ პაკეტის გააქტიურებას! თქვენგან ერთადერთი რამაა საჭირო – უნდა აჰყვეთ! ჩამოდით კვარცხლბეკიდან და აუწყვეთ ფეხი ჭრელტანსაცმლიან, ჭრელაზრებიან, ბევრნაირ პატარა ადამიანს – ბავშვებს. როგორც კი აუწყობთ, მაშინვე იგრძნობთ, როგორ ამჩატდება თქვენი წლებით, რუტინებით, ყოველდღიურობით დამძიმებული სხეულები. ისწავლით მცირედით გახარებას, გულწრფელ გაკვირვებას, ხმამაღლა სიცილს.
ერთ-ერთი ყველაზე მრავალწახნაგოვანი, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული პროფესიაა და ჩემი უდიდესი პატივისცემა, მოწიწება და მადლიერება ყველა იმ მასწავლებელს, ვინც აცნობიერებს, რომ ოცი წლის წინ ნასწავლი მასალით, ათი წლის წინ შექმნილი რესურსით და თუნდაც ხუთი წლის წინ დადგენილი ნორმებით ფონს ვერ გავა. ვინც ხვდება, რომ განვითარების მოძველებულ საფეხურზე მყოფი მასწავლებელი ძალით, ბოროტად დამუხრუჭებულ, ბავშვს, განზრახ შეფერხებულ საზოგადოებას ნიშნავს. ვინც აცნობიერებს, რომ თვითონ უნდა იყოს ნაკითხი, საინტერესო, ფერადტვინიანი, მრავალფეროვანი ინტერესების, აზრების, დამოკიდებულებების მქონე, სტერეოტიპებთან მებრძოლი, რომ ასეთივე ბავშვები გაზარდოს. ვინც კითხულობს სხვადასხვა წიგნს – მხატვრულს, სამეცნიეროს, საბავშვოს, შემეცნებითს, ბოდიალობს კონცერტებზე, გამოფენებზე, სპექტაკლებზე, კინოში, მთაში, ეძებს, უსმენს, შეიმეცნებს, ფიქრობს – თავს იზრდის. რათა გაზრდილი საკუთარი თავით გაზარდოს ისინი, ვისი სწორად გაზრდაც ყველაზე მეტად გვჭირდება და გვეიმედება.
ერთ-ერთი ყველაზე “გამზრდელი”პროფესიაა და თუ გინდა, სიყვარული, მოთმენა, გულწრფელობა ისწავლო, გახდი მასწავლებელი! რადგან, ალბათ, არსად ისე, როგორც სკოლაში, სწავლის პროცესი არის ორმხრივი. გასცემ ტალღებად, გიბრუნდება ტალღებად. სწორედ აქ ვისწავლე, როგორ შევარბილო სათქმელი, როგორ ვთქვა ერთი და იგივე რამ თვრამეტ- ან ოცნაირად. როგორ ვაგრძნობინო მზერით, სხეულით, სიტყვით, რომ დავფიქრდი, გამეხარდა, გავბრაზდი, მიყვარს, მეწყინა. სწორედ სკოლამ გამადიდგოგოვა. უფრო სწორად, ერთდროულად მოუარა ჩემში ბავშვს, რომელიც ცხოვრობდა და მოიყვანა ახალი ვინმე – მზრუნველი დიდი გოგო. სწორედ მასწ.-ობა გასწავლის, როგორ მოუსმინო საკუთარ გულს, სხვების გულებს და იპოვო საერთო ნოტები ამ გულისძგერებში.
 მოკლედ, რთულია. საშინლად რთული. დამქანცველი და ზოგჯერ, მადეპრესირებელიც. მაგრამ იქვე, იმავე წამს, არის საშინლად სასიამოვნო, ნებისმიერ ენერგეტიკულ სასმელსა და დოპინგზე უფრო მასტიმულირებელი და “საკაიფო”! მთავარია, “დაუმუღამო”! მთავარია, შენ თვითონ ისწავლო მისით ტკბობა. ისწავლო, ამ ქარ-ცეცხლიდან როგორ შეისრუტო მუხტები, როგორ ამოკრიბო დადებითობები, როგორ აკეთო ჯადოქრობები შენივე და სხვისი სიამოვნებისთვის. როგორ იფრინო იმ ფრთებით, რომელიც ავტომატურად გესხმება კლასში შესვლისას. გაწვრთნა შენი თავი, როგორ გააცნობიეროს, რომ, მისდა გასაოცრად, თურმე ბევრ რამედ უღირს ნდობით გადატენილი, სიახლის მოსმენის მომლოდინე, აღფრთოვანებული ბრჭყვიალა თვალები და მეათიათასედ მოსმენილი: “აუ, თათა მასსს, იცით, რაა…”1374293_3478555898003_315328915_n