RSS

“სკოლის სევდა”

27 ნოე
რამდენიმე დღის წინ ფბ-ს ვათვალიერებდი და გადავეყარე ერთ-ერთი ნაცნობის პოსტ-წუხილს იმის თაობაზე, რომ მისი შვილი სკოლაში წასვლისას ტირის.
ბავშვს პირადად არ ვიცნობ, თუმცა მისი ვიდეოები მაქვს ნანახი და ვიცი, როგორიცაა. წარმოიდგინეთ ათი წლის ადამიანი, რომელსაც აქვს მრავალმხრივი ინტერესები (მეცნიერებები, ტექნოლოგიები…), მეტყველებს დახვეწილი ინგლისურით, შეუძლია სხვადასხვა საკითხზე საინტერესოდ მსჯელობა, დისკუსია, არგუმენტების მოტანა. ერთი სიტყვით, იისფერს რომ ასხივებს, იმ ტიპის ვინმეა. ნუ, ცხადია, ასეთი მოსწავლის დაინტერესება, ყურადღებისა და მოტივაციის შენარჩუნება უფრო ძნელი და წინასწარ კარგად დასაგეგმი რამაა. მასწავლებლებს დამატებითი აქტივობების, რესურსის, შრომის მობილიზება დასჭირდებათ ასეთი ბავშვებისთვის გემრიელი სასწავლო ლუკმების მოსამზადებლად. არგუმენტები – “იმან ხომ გაიგო, შენ რა დაგემართა”, “ის ხომ ზის ჩუმად, შენ რატომ გწყინდება”, “იმას ხომ მოუხარია სკოლისკენ, ანუ შენშია პრობლემა”, “იმისი მშობლები ხომ კმაყოფილები არიან, ანუ შენ ხარ პრეტენზიული” და მისთანანი – თავის დროზეც ძირმომპალი და არგასაჭაჭანებელი იყო, დღევანდელ დღეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ნუ, პედაგოგიკასა და თითოეულ (!!!) მოსწავლეზე ორიენტირებულ ინტერაქტიულ სწავლებასთან ახლოსაც რომ არაა ამგვარი მსჯელობა, ამაზე აღარ შევჩერდები.
ზემოთ ხსენებულ პოსტში არც რომელიმე მასწავლებლის, სკოლის, კლასელის მიმართ საყვედური იკითხებოდა და არც რაიმე სხვა კონკრეტული მიზეზი იყო დასახელებული ბავშვის დემოტივაციის ასახსნელად. ადეკვატური მკითხველი ამოიკითხავდა მხოლოდ მშობლის წუხილს იმის გამო, რომ ბავშვს არ უნდა სკოლაში წასვლა. ამ ერთწინადადებიან პოსტს ახლდა კომენტარების ზღვა. არა, უკვე ოკეანე, რადგან ადამიანების აზრების, დამოკიდებულებების, განწყობების ტალღები კვლავ ბობოქრობენ იმ კედელზე.
ცხადია, მე არც პოსტის ავტორისა თუ დამკომენტარებლების მტყუან-მართლის გარჩევას, არც რომელიმე მხარისადმი გამოქომაგებას ან რაღაცების მტკიცებას ვაპირებ.
უბრალოდ, იმ კომენტარების წაკითხვის შემდეგ (რომელთა უმრავლესობა პროფესიით მასწავლებლებს ეკუთვნოდათ) მომინდა, როგორც განათლების სფეროში მომუშავე ადამიანს, როგორც მასწავლებლობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილების მქონეს, როგორც რიგით მოქალაქეს, რომელსაც არცთუ ზერელე წარმოდგენა აქვს სასკოლო განათლებაზე და სრულად აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც მასწავლებელს ინდივიდის ფორმირების საქმეში აკისრია, რამდენიმე სიტყვა მეთქვა იმის თაობაზე, რომ:
  • თუ გადაწყვიტე გახდე მასწავლებელი, კეთილი უნდა ინებო და გიყვარდეს ადამიანები! მათ შორის, ყოფილი მოსწავლეებიც, უკმაყოფილო მშობლებიც, “უნიჭო” და “ნიჭიერი” ბავშვებიც.
  • თუკი ბავშვს სკოლის დასამთავრებლად/საგნის ჩასაბარებლად შენი ჩარევა დასჭირდა და ნიშანი “სამადლოდ აჩუქე” (ეს გამოთქმა უკვე ერთ რამედ ღირს),
    ა) ეს, პირველ რიგში, შენი სწავლების დაბალ ხარისხზე მეტყველებს.
    ბ) ნუღარ წამოაძახებ ამ “სიკეთეს”, ნურც პირადად, მით უმეტეს, ნურც საჯაროდ.
  • თუკი ვინმე უკმაყოფილოა შენი/შენი კოლეგის სწავლების სტილით, ურთიერთობის ფორმით, შენი სკოლის ადმინისტრაციით, ნუ გადახვალ ავტომატურად თავდაცის/თავდასხმის, მით უმეტეს, შეურაცხყოფის (და არა შეურაწყობის/შეურაცყოფის/შეურაწყოფის და ა.შ.) რეჟიმში. ძალების მობილიზება პრობლემის აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად – აი, საუკეთესო მხარდაჭერა ბავშვისთვის, საკუთარი თავისთვის, კოლეგისთვის, სკოლისთვის.
  • თითოეული მოსწავლე უნდა იყოს სკოლაში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში!
    მთელი კლასიც რომ კმაყოფილ-დალხენილი იყოს, ყველა არაჩვეულებრივად სწავლობდეს, ყველასთვის საინტერესო და პროდუქტიული იყოს სკოლაში მიმდინარე პროცესები (ღმერთმა ქნას, ჩვენც ყველას ეს გვინდა), ის ერთი პრობლემიანი ადამიანიც სკოლის ნაწილია. სასკოლო ცხოვრების სრულფასოვანი წევრი. ისეთივე მნიშვნელოვანი, ღირებული, მოსაფრთხილებელი, დასაცავი, მოსაფერებელი, როგორიც სხვა დანარჩენი! მისი მოკვეთა, ყველაფრის მისთვის, მისი მშობლებისთვის, მისი ჰობისთვის, მისი განსხვავებულობისთვის გადაბრალება არაა გამოსავალი. გამოსავალი პრობლემის ანალიზსა და მის გადასაჭრელად ძალების სწორად გაერთიანებაშია.
  • პრობლემაზე თვალის დახუჭვა, მიჩქმალვა, უარყოფა, სხვისთვის გადაბრალება – ეს ყველაფერი ნაღმის ღრმად დაფვლას ნიშნავს. იმ ნაღმს ადრე თუ გვიან აუცილებლად წამოედება რომელიმე ბავშვი. ანუ წამოედება მისი მშობელიც. ანუ წამოედებიან მისი მასწავლებლებიც. მისი მეგობრებიც. მათი მშობლებიც. ანუ წამოედება საზოგადოება. ჩვენ წამოვედებით.
  •  განსხვავებულობის შიში (შიში ჰქვია ამას, როდესაც ყველას ერთნაირობის ყალიბში აქცევ ნებით თუ უნებლიეთ) ძალიან სახიფათოა! და ორმაგად, არა, ასმაგად სახიფათო ხდება, როდესაც სკოლაში ეშინიათ განსხვავებულობების (სხვანაირი ბავშვების, სხვაგვარად სწავლების, განსხვავებულად ჩაცმის…). ასმაგად სახიფათოა-მეთქი იმიტომ, რომ სინამდვილეში სკოლის უპირველესი ამოცანა სწორედ ისაა, ბავშვებს მათში მცხოვრები განსხვავებულობები აღმოაჩენინოს, გაფურჩქნოს, განავითაროს, ხორცი შეასხას, გაფერადებაში დაეხმაროს.
  • მოცემულობა “ცუდი ბავშვი” არ არსებობს. იმის თქმა მინდა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, როგორ განვავითარებთ ჩვენ, დიდი ადამიანები, პატარა ადამიანის ქცევებს, დამოკიდებულებებს, ჩვევებს. სწორედ ჩვენი აღზრდისა და ჩვენივე ქმედებების არეკვლით ყალიბდება მათი კარგი თუ ცუდი თვისებები. ცხადია, ჩასაფრებული, ჯიბრიანი ქმედება, გაღიზიანებული ტონი, ნიშნის მოგება, ცილისწამება, შერცხვენა, შეცდომის წამოძახება პირად თუ საჯარო საუბრებში, დადებით ზეგავლენას არ ახდენს მოზარდების ცნობიერებაზე. პირიქით, შავ და მძიმე ლაქებად ილექება მათ გონებაში და ეს ლაქები როდის შეგვახსენებენ თავს, არავინ იცის.
    თუკი საკითხს ამ რაკურსით შევხედავთ, ის ცნობილი, ერთგვარად რიტორიკული კითხვაც – საიდან მოვიდა ასეთი უწიგნური, დაუნდობელი თაობა (სხვა საკითხია, თაობის ამგვარად დახასიათება რამდენად ობიექტურია) – უპასუხოდ აღარ დარჩება – ჩვენგან, მეგობრებო.
    არაფერია ახალი იმაში, რომ ინდივიდის ძირითადი თვისებები, ღირებულებები, დამოკიდებულებები სწორედ სკოლაში ყალიბდება. არც ისაა ვინმესთვის უცხო, რომ ეს ინდივიდები რამდენიმე წლის შემდეგ საზოგადოებას ქმნიან.
    და რადგან ერთფეროვანი საზოგადოება პასიურ, ინდეფერენტულ, მოძალადე, უსუსურ,უინტერესო, დაშინებულ მასას ნიშნავს,
    რადგან ერთფეოვანი საზოგადოება ნელი კვდომაა,
    რადგან თამამი, ფერადი, ღირებულებების მქონე საზოგადოება გვინდა,
    სწორედ განსხვავებულუნარებიანი, განსხვავებულხედვიანი, ჭრელაზრებიანი ბავშვების მოლოდინი გვაქვს სკოლებისგან!
    ჰოდა, საყვარელო მასწებო, მოუფრთხილდით მაგ საძერწ მასალას, წელიწადში დაახლოებით 33 კვირა რომ ხელში გიჭირავთ და სხვადასხვაგვარ ფორმას, ზომას, მოცულობას აძლევთ, თქვენი ხელების ენერგეტიკას რომ გადასცემთ და ბოლოს, გამზადებულს, თაროზე ადგილს მიუჩენთ. მოუფრთხილდით, რადგან ძალიან ძვირფასია!
    12 წელი მალე გავა. ნამუშევრების გამოფენა წინაა. 525700_2490498877195_308751637_n
 
 

დატოვე კომენტარი